>    მთავარი    >    ზღაპრები

მოგზაური კას ამბავი

A+
Aa
a-

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს, სახელად კას, იმისთანა ამბავი გადახდა თავს…

როგორც ყველა დიდი კალიგრაფი, ისიც ულამაზესად და ბევრს წერდა. მზის ჩასვლის შემდეგ კი დაქანცულს ქვიშაში სეირნობა უყვარდა.

ერთხელ სეირნობისას კამ ჯადოსნურ ქვას წამოჰკრა ფეხი. ქვიშა ხელის მსუბუქი მოძრაობითა და სულის შებერვით გადაწმინდა. ქვაზე ლამაზი ხელწერით შესრულებული ტექსტი დაუზიანებელი აღმოჩნდა და მარტივად წაიკითხა: „თუ სიტყვების გარჩევას შეძლებ, მომავალში იმოგზაურებ!“ დანარჩენი ტექსტი გაკრული ხელით ეწერა, მაგრამ მერე რა, წერა-კითხვა ხომ ჩვენი კას საყვარელი საქმიანობა იყო... ქვის პოვნა არც გაჰკვირვებია, ის ხომ საოცრებების ქვეყანაში, ეგვიპტეში ცხოვრობდა და მალევე გადაწყვიტა, მომავლის მოსანახულებლად მომზადებულიყო.

სახლში შეირბინა: თეთრი პერანგი გადაიცვა, ქისაში ოქროს მონეტები ჩაიყარა, ოქროს მეტი რა იყო ეგვიპტეში?! ტყავის ქალამნების ამოცმა დააპირა, მაგრამ გაახსენდა, რომ ძმას ათხოვა - მხოლოდ ერთი საზიარო ტყავის ფეხსაცმელი ჰქონდათ სახლში - ამიტომ ოქროს ქოშებში გაყო ფეხი და გზას გაუდგა მომავალში...

სამანანანი, კამანანი,

ქვა წინ გიდევს, აქ ადიო

მომავალში გადადიო!

თვალი რომ გაახილა, ქვიშა აღარ ეკვროდა ფეხის გულებზე. რაღაც რუხ, სწორ ზედაპირზე იდგა მაღალსართულიან კორპუსებს შორის. მოეჩვენა, რომ პირამიდა უფრო დიდებული იყო, ვიდრე ეს შენობები, პირამიდას უფრო დიდი ეზო და თვალუწვდენელი სივრცე ერტყა გარშემო. უკეთეს არქიტექტურას ელოდა კა მომავალში. ყურადღებით მიიხედ-მოიხედა და ეწყინა, რომ პირამიდისნაირი დიდებული აღარაფერი შეექმნათ ადამიანებს. 

კა ოპტიმისტი იყო. უკეთესის ნახვის იმედით კორპუსების „ტყიდან“ გასვლა დააპირა და ჰოპ! ვერც კი მიხვდა, ვიღაც ყმაწვილმა ყელზე დანა როგორ მიაბჯინა, პირდაპირ თვალებში ჩახედა და თავის მოძრაობით ოქროს ქოშების გახდაზე მიანიშნა. კამ თვალი ქვემოთ გააპარა და დაინახა, რომ ბიჭს მშვენიერი, ტყავის, პრიალა, საუცხოოდ დამუშავებული, მყარძირიანი ფეხსაცმელი ეცვა. იფიქრა, რომ საწყალ ბიჭს დასცხა და  ფეხების გაგრილებას ლამობდა. ქოშები მიუყარა და ხელის მოძრაობით ანიშნა, ტყავის ფეხსაცმელი მისთვის დაეთმო. ბიჭმა ოქროს ქოშებს სტაცა ხელი, სახე სიხარულისგან გაებადრა, ჯერ გაქცევა დააპირა, მერე შილიფად ჩაცმულ ფეხშიშველ კას გამოხედა, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა „Oh mon Dieu*“ და ფეხსაცმლის გახდა დაიწყო. “რა მაგარია! - გაიფიქრა კამ - ჩემნაირი ფეხსაცმელი მთელ ეგვიპტეში არავის ეცმევა. ყოჩაღ, მომავლის ადამიანებო, რა საუცხოოდ გისწავლიათ ტყავის დამუშავება?!” ფეხსაცმელი ოდნავ დიდი ზომის აღმოჩნდა, მაგრმ ტერფებს კარგად დაიცავდა მზისგანაც და ქვიშისგანაც. კამ ბიჭს გახედა - ოქროს ქოშებით ხელში წინდების ამარა გარბოდა. 

- გასაგებია, - გაიფიქრა კამ - როგორც ჩანს, ოქროს მოპოვება არ სცოდნიათ მომავლის ადამიანებს! საწყლები! - და მხრები აიჩეჩა.

* Oh, mon Dieu – (ოჰ, მონ დიე) - ო, ღმერთო ჩემო (ფრანგულად).

ვინ არ იცის, რომ ერთმა ნაბიჯმა, შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს - სრულიად განსხვავებული გახადოს ან უკან დააბრუნოს. ასეთი აღმოჩნდა კას პირველი ნაბიჯიც, რომელიც ახალი ტყავის ფეხსაცმლით ასფალტზე გადადგა. გაგიჟება შეიძლება პირდაპირ,  აწია მარჯვენა ფეხი და პირდაპირ კატას კუდის ბოლოზე არ დაადგა?! კატამ დაიჩხავლა.  შეშფოთებულმა  კამ კატაზე ხმამაღლა იყვირა და მიწაზე დაემხო. რადგან ეგვიპტელისათვის კატა წმინდა ცხოველია, კალიგრაფმა ბიჭმა სასწრაფოდ აღაპყრო ხელები მაღლა: - ო, კატისსახიანო, ჩვენი ოჯახების მფარველო, ბასტეტ, მაპატიე მე უგუნურს ეს საქციელი და გპირდები, რომ არც ერთ კნუტს არ გავაჩუქებ, გპირდები, რომ ყოველდღე დავვარცხნი ჩემს კატას ბეწვს და ზურგს მოვფხან ასევე ყოველდღე, როგორც კი მზე რა ამოცურდება ცის კაბადონზე... ოჰოოო, ეჰუუუ, მჰუუუნ-მუჰუუუუნ... ასე ითხოვდა გადამწერი კა პატიებას, როცა ისევ გაიგონა კატის კნავილი. უკან მიიხედა და გაოგნებული დარჩა, ასეთი მოუვლელი კატა თავის სიცოცხლეში არ ენახა: ჭრელი ბეწვი სულ მთლად მურიანი ჰქონდა, თათები ტალახიანი, დაუბანლობისაგან ისეთი საშინელი სუნი ასდიოდა, რომ კას ლამის ცხვირი აეწვა...

-თავს დავდებ, რომ არც ყურები და ფრჩხილები ექნება მოწესრიგებული! - გაიფიქრა კამ და ისე მიაშტერდა კატას, გეგონებოდათ ახლა თვალები დაუგრძელდება და ყურებში ჩახედვასაც შეძლებსო! კატა კი ისევ ახტა და პირდაპირ ნაგვის ურნაში ჩახტა. აი, აქ კი სიბრაზისგან სახე აენთო კას. განა ამ გრანდიოზულ პირამიდებს იმისთვის აშენებენ ეგვიპტელები, რომ ასეთი მომავალი ჰქონდეს კაცობრიობას?! წელში წყდებიან და რა სამშენებლო სიახლეს აღარ ამუშავებენ, რომ მათმა არქიტექტურამ დროს გაუძლოს. ასეთი მომავლისთვის აგებენ ფინიკიელები საუცხოო გემებს, ქმნიან შუმერები ათას საინტერესო რამეს - ბორბლიდან დაწყებული, კალენდრით დამთავრებული... ოჰ, დიდო მზის ღმერთებო, თქვენ გამინათეთ გონება და თვალი, რომ უკეთესად შევძლო მომავლის ადამიანის მიერ შექმნილი სამყაროს დანახვა! სახლში უნდა დავბუნდე! - წამოიძახა კამ.  - ცოტა ხნით უნდა ამოვისუნთქო და მერე ისევ ვცდი მომავალში მოგზაურობას...

„მონავედი, ქუნავედი,

სამშობლოდან შორს წავედი,

მგზავრის ბედი თუ მარგუნე,

ახლა სახლში დამაბრუნე!“

ცხელ ქვიშაზე გაგორებულ კას ბავშვობა გაახსენდა: შეყვარებულ ლილთან ერთად „ფრენა“. სულ ადვილი ამბავი იყო: ქვიშაზე მწოლიარემ ხელები და ფეხები ფრთებივით უნდა გაშალო, ოღონდ ერთდროულად, ჯერ ნელა - ზ ე მ ო თ, ქ ვ ე მ ო თ, მერე ოდნავ სწრაფად - ზე-მოთ, ქვე-მოთ, მერე უფრო სწარაფად - ზემოთ, ქვემოთ, და ბოლოს, ძალიან სწრაფად - ზემოთქვემოთ, ზემოთქვემოთ!.. გამარჯვებული ის იყო, ვინც უფრო გვიან დაიღლებოდა. ლილ კაზე ერთი წლით უფროსი იყო, ერთი თავით  მაღალი და 10 კილოგრამით მძიმე  და ხშირად ჯობნიდა, მაგრამ მერე რა, მასთან თამაში ხომ სახალისო იყო, თან ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და თან სიცილით იხოცებოდნენ, თანაც ყვიროდნენ: 

-აღარ შემიძლია, მომტყდა ხელები!

-ფეხებს ვეღარ ვგრძნობ!

-მგონი ქვიშა ვხდები!

-ახლა ნაწილებად დავიშლები!..

ნეტავ მომავლის ბავშვები როგორ ერთობიან? - დაფიქრდა კა. - არ ვიტყოდი უარს ამის ნახვაზე!

კარგო ქვაო, დიდო ქვაო,

სასწაულის რძე მასვიო,

მომავალში გადამსვიო!

ქვა თეთრი სითხით გაიჟღინთა და კაც გაუჩინარდა.

დროის ქვის ნებით კა ატრაქციონების პარკში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეს ადგილი მომავლის ბავშვებისათვის საუკეთესო გასართობი იყო. ასეთ ხმაურსა და წივილ-კივილში კა არასდროს მოხვედრილა და იმ წამსვე ყურებზე აიფარა ხელები, მერე ნელ-ნელა ჩამოუშვა და მიხვდა, რომ ეს ბედნიერების ხმები იყო. მომავლის ადამიანს ისეთი მანქანა შეექმნა, რომელზეც ტრიალი აბედნიერებდა, აცინებდა, ამხიარულებდა და სიხარულით კივილსაც კი აწყებინებდა ხოლმე. ფიქრებიდან კა ბავშვებმა გამოარკვიეს: „თქვენთან სურათის გადაღება გვინდა!“ - თქვეს მათ და პასუხს არ დაელოდნენ, ისე შემოეხვივნენ ირგვლივ და „სასურათედ“ მოემზადნენ. კა ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, მაგრამ ბავშვების მხიარული განწყობა მასაც გადმოედო და სახეზე ღიმილი გადაეფინა. წინ მდგომმა ქალმა რაღაც ოთხკუთხედსა და შავს რამდენჯერმე დააჭირა თითი, მერე მადლობის ნიშნად თავი დაუკრა, მოიხმო ბავშვები და დიდი ჭიშკრისაკენ გაემართა. კაც მხიარულად გაჰყვა მათ ჯგუფს. 

- ფორმა კარგი გაცვია, ძმაო, ქუდიც მაგარია და ეს ფეხსაცმელები სად იშოვე? - მიაძახა ვიღაც ახმახმა და სიცილისაგან ლამის დაიხრჩო. თან ისე იშვერდა თითს კას ფეხსაცმელებისაკენ, ბიჭმა იფიქრა, მოეწონა და წართმევას მიპირებსო. ვერ მოგართვით! ჩვენი კა სპორტული ადამიანი გახლდათ. ერთხელ სირბილში მეორე ადგილიც კი დაიკავა. ჰოდა მოკურცხლა, მაგრამ რა მოკურცხლა! ქარივით მიქროდა, გაჩერებას არ აპირებდა, მაგრამ შემთხვევით უშველებელ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.

- ღმერთო ჩემო, ოოო, დიდო მზის ღმერთო რა, ამდენი რკინა, ამ სიმაღლე ნაგებობა და სულ რკინის, სასწაულია პირდაპირ!  ალბათ, არც იციან, რომ ეგვიპტეში რკინა უძვირფასესი მეტალია და მხოლოდ მონეტების დამზადება თუ შეგვიძლია მისგან. რკინის დამუშავებას რამდენი მონა დასჭირდებოდა! - კამ მიიხედ -მოიხედა და ის ხალხი, რომელიც ამ წაგრძელებული რკინის ნაგებობის ქვეშ ირეოდა, ბედნიერი და მხიარული მოეჩვენა, სულაც არ ჰგავდნენ მონებს, არც ღარიბებს, რადგან ბევრი და ფერადი ტანსაცმელი ეცვათ და თითქმის ყველას ეჭირა კარგი ჩანთა, რაც კას აზრით ფუფუნება იყო. ასევე ყველას ეჭირა რაღაც ოთხკუთხედი, რამდენჯერმე რომ დააჭერ თითს და გაანათებს თუ არა, უნდა გაუღიმო. კამ მას „მნიშვნელოვანი მართკუთხედი“ შეარქვა. თუ მომავლის ადამიანი მართკუთხედს მაღლა აწევდა, კა იმწამსვე იღიმოდა, ემოცია ორმხრივი იყო, მომავლის ადამიანებიც უღიმოდნენ მას და თავს უკრავდნენ. კას მოეჩვენა, რომ ისინი უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ძველი ეგვიპტელები, უფრო ლაღები და თავისუფლებიც. კას სიხარულით აევსო გული. - ყველა ადამიანი თუ ქვეყანა ხომ იმისთვის შრომობს, რომ მისმა შთამომავლებმა უკეთესად იცხოვრონ! - გაიფიქრა და ამ ფიქრებმა გაახალისა. 

კა სტვენა-სტვენით გაუყვა ბილიკს მარსის ველზე. მან, ცხადია, არ იცოდა, რომ ამ ველს რომაული ომის ღმერთის, მარსის, სახელი ერქვა, არც ის, რომ ვეებერთელა რკინის კოშკს მისივე შემოქმედის - ეიფელის სახელი ერქვა და არც ის, რომ სიყვარულის ქალაქად წოდებულ პარიზის ქუჩებში მიაბიჯებდა, მაგრამ შინაგანად გრძნობდა, რომ სადღაც, მომავლის ერთ მშვენიერ, საინტერესო ქალაქში მოხვდა. სეირნობისას რას არ გადააწყდა ჩვენი კა! შუა ქუჩაში გაოგნებული მდგარი კინაღამ მანქანამაც გაიტანა, მაგრამ ყველაზე მომაჯადოებელი მისთვის პარიზის შუშის პირამიდა აღმოჩნდა...

როცა კამ პირველად დაინახა სამი მხრიდან წყლით შემოსაზღვრული გამჭვირვალე ნაგებობა, ის მზეზე ლივლივებდა. მზის ჩასვლის შემდეგ მიუახლოვდა. ახლა განათებებს შორის ბრწყინავდა შუშის პირამიდა. პატარა და კოხტა იყო, თან დიდებული და განსაკუთრებულ ადგილას აღმართული. კას ცრემლი მოადგა. ეგვიპტელებს ტყუილად არ უშენებიათ ფარაონებისათვის ამხელა სამარხები. პირამიდების მიბაძვით აშენებული ეს სილამაზე დასტური იყო იმისა, რომ ამდენი მონა, არქიტექტორი თუ მხატვარი, ტყუილად არ გარჯილა. უნდა გაიღო დიდი ძალისხმევა, თუ მომავალი თაობებისათვის ეს მნიშვნელოვანი იქნება.

კამ საკუთარი ხელის თითები შეათვალიერა, გაუთავებელი წერისაგან მარჯვენა ხელის შუა და საჩვენებელი თითები მოხრილი ჰქონდა, მტევანი - დაძარღვული. კას აღარ ანაღვლებდა საკუთარი ხელები. მოუნდა, სადმე რამე მიეწერა და გზავნილი დაეტოვებინა მომავლის ადამიანებისათვის. იარა, იარა და მიაგნო ერთ წარწერებიან კედელს, იქ ბიჭი იდგა და საღებავებით ნახატის დასრულებას ცდილობდა. კამ ფუნჯზე მიანიშნა. ბიჭმა გაუღიმა და გაუწოდა. კა ეგვიპტური იეროგლიფების მოხაზვას შეუდგა და ასეთი წარწერა დატოვა კედელზე: „ყველაფერში მზეა, ოღონდ აცადეთ - ანათოს!“ შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა იმის სათქმელად, რომ ეგვიპტელები მხოლოდ მზე-ფარაონისთვის კი არ შრომობენ - გაუცვეთელ და მსოფლიო ფასეულობებს ქმნიან, ისეთებს, მერე დროზე რომ გაიმარჯვებს... და კიდევ, ყველაფერს ორი მხარე აქვს, შენი განწყობა კი იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ მხარეს აღმოჩნდები. 

დამაბრუნე ჩემო ქვაო,

სამშობლოში მელიან,

დღე რა კარგად გავატარე,

აბა, დელი-დელია.

დაბრუნებისთანავე კმაყოფილი კა ქვას ჩაეხუტა და იმდენი კოცნა, რომ პირი ქვიშით გაევსო. ქვას ძალიან ესიმპათიურებოდა მადლიერი ადამიანები და გადაწყვიტა ბიჭი ამჯერად უცხო პლანეტების დასათვალიერებლად გაეგზავნა. დიახ, დიახ, არ მოგესმათ... ტყუილად კი არ ვარაუდობენ, რომ პირამიდები შესაძლოა უცხო პლანეტელებმა ააგეს.

სხვა პლანეტაზე რა ხდებოდა, კამ საიდუმლოდ შეინახა და არავის მოუყვა. რას ვიზამთ, ასეთები იყვნენ ძველი ეგვიპტელები, მათი სამყარო დღემდე საოცრებებითაა სავსე და მხოლოდ რამდენიმე მათგანში გარკვევა თუ შეძლეს მეცნიერებმა. ნეტავ ეს უცხოპლანეტელების დამსახურებაა თუ სასწაულმოქმედი ქვების?..


ავტორი: ხალხური


ნანახია 119-ჯერ

     


სიახლეები საიტზე:
დაემატა მაღალქულიანი მომხმარებლების სტატისტიკა
2024-01-09 07:40:26
-*-*-*-
დაემატა რიცხვების შემადგენლობა, მათემატიკის საწყისები პატარებისთვის
2024-01-04 09:23:47
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი ლომი და თაგვი
2023-11-16 07:33:26
-*-*-*-
დაემატა ზღაპარი თხა და გიგო
2023-11-01 13:23:29
-*-*-*-
დაემატა სტატისტიკური მონაცემებიდან წერილის გაგზავნის საშუალება რეგისტრირებულ მომხმარებელზე
2023-01-18 08:03:05
-*-*-*-
განახლდა გასაფერადებელი, ყოველ განახლებაზე შემთხვევითი სურათი ჩაიტვირთება
2023-01-18 06:59:48
-*-*-*-
გასაფერადებელს დაემატა ახალი სახატავები
2023-01-17 13:42:49
-*-*-*-
დაემატა საიტის გახსნების მთვლელი და მისი კოპირების საშუალება
2023-01-17 10:19:57
-*-*-*-
ლინკების გაცვლაში შესაძლებელია შეყვანილი მონაცემების მარტივად წაშლა
2023-01-16 11:00:39
-*-*-*-

www.000webhost.com